ხმაური თეთრი ხმაურის გარშემო/ვაკო ნაცვლიშვილი

txm

1. აქ, ფეისბუქზე, ლივლივებს მატყუარა შთაბეჭდილება, რომ მთავარი ხდება აქ, ფეისბუქზე. რომ ისეთ სტატუსს დავწერ, ქვას გახეთქავს; რომ ისე ჭკვიანურად ვუპასუხებ, გაუკვირდება; რომ ისეთ სიმღერას გავაზიარებ, თავს ანძაზე მიიჯაჭვავს; ისე ვიღლიცინებ, რომ გაიგოს მთელმა უბანმა. რაც უფრო ვაიშვიათებ აქ, ფეისბუქზე, ყოფნას, მით უფრო ცხადი ხდება, რომ აქ, ფეისბუქზე, არაფერი ხდება.

2. თეთრი ხმაურისა და გირჩის გარშემო ატეხილი ხმაური ამ მატყუარა შთაბეჭდილების ნაწილია. ხდება სხვაგან. ხდება, მაგალითად, იქ, სადაც ოცი წლის ბიჭი პოლიციას თვითმკვლელობამდე მიჰყავს.
3. ეს მატყუარა დაპირისპირებები თავის კალაპოტს უჩემოდაც იპოვის, მაგრამ მინდა, ამ დაპირისპირებაში ამოტივიტივებულ რამდენიმე საკითხზე მოკრძალებული სიტყვა ვთქვა.
4. თეთრ ხმაურს, რომელიც თავს არიდებს, თქვას, დიახ, არ მინდა გირჩთან ერთად აქციაზე დგომაო, გოიმობაში ადანაშაულებენ. ძირითადი, რასაც ამ მოძრაობას საყვედურობენ, ესაა: აქციიდან კაცის გაგდება გოიმობაა, ბანძობაა და ქაჯობააო. სამივე ეს სიტყვა, რომელიც ერთი აღსანიშნის აღმნიშვნელია, სხვადასხვა ვოკალით გაისმა.
5. რას გვეუბნება ეს მარადგანახლებადი დიქოტომია გოიმობასა და არაგოიმობას შორის? რაში გვეხმარება? ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, გოიმი ეწოდებინოთ, მაგალითად, ბაჩანა ახალაიასთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ან ზურაბ ჯაფარიძისთვის. ისინი გოიმები არ არიან; იპოთეკით დაზარალებულის ქუჩაში დატოვება მცირეწლოვანი შვილებით გოიმობა ვერ იქნება. მაშასადამე, ეს არის ლიბერალური შანტაჟის ფორმა, რომელიც კარგად მუშაობს. აქედან: არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა შეგვრცხვეს, იქ აღმოვჩნდეთ, რასაც გოიმობად უხმობენ.
6. მეორე მხრივ, უბრალოდ არაგონივრულია, გამოიკვლიო, აქციაზე ვისთან ერთად დგახარ. არაგონივრულიც არის და არათანმიმდევრულიც იქნები – მარტივად: შუბლზე ამოტვიფრული ფაშიზმის ნიშნებით არ დადიან ადამიანები ისე, როგორც ერთ ფილმშია. სხვა რამ არის საჭირო.
7. თეთრი ხმაური მემარცხენე მოძრაობად თვითიდენტიფიცირებს. ეს ძალიან კარგია. აქ და ახლა ვერ ვხედავ ვერცერთ არგუმენტს, რომელიც მიბიძგებდა, ამ ფაქტს გავეღიზიანებინე. მეორე მხრივ, უხერხულობას იწვევს ის, რომ მოძრაობის წევრები გირჩთან თანამშრომლობას იმედის თვალით უყურებენ. როგორ არის შესაძლებელი, რომ თეთრ ხმაურსა და გირჩს მომავლის ნარკოპოლიტიკაზე იდენტური ხედვები ჰქონდეთ? შესაძლებელია, პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც ბაზრის ფუნდამენტალისტებს აერთიანებს, დაემთხვეს მემარცხენე მოძრობას? არა, არ არის შესაძლებელი.
8. აღარ შევეხები იმ არგუმენტს, რომ მემარცხენე მოძრაობაში ნარკოტიკით სიამოვნების მიღებისა და გართობის უფლება მთავარი თემა ვერ იქნება – თუნდაც იმიტომ, რომ მემარცხენე მოძრაობის გართობის პროექტი არ შეიძლება, გართობის ლიბერალურ პროექტს იმეორებდეს. ეს გრძელი და საინტერესო თემაა, მაგრამ სხვა დროს. არ შევეხები სიამოვნების უფლების არგუმენტს თუნდაც იმიტომ, რომ თეთრი ხმაურის ზოგიერთი წევრი თავადაც ცდილობს, ამ არგუმენტს დაუსხლტდეს და მზერა კლასობრივს მიაპყროს.
9. ახლა ერთ საკითხზე მინდა, შევჩერდე – როგორ აირიდოს ამ მოძრაობამ გირჩი და მსგავსი ისე, რომ აქციაზე ცოცხებით არ სდიოს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვა კითხვა უნდა დავსვათ: რა ხდება მას შემდეგ, რაც აღარ დაიჭერენ? რა მოხდება მას შემდეგ, რაც ნეგატიური მოწოდება “არ დაიჭირო” აღარ იქნება საჭირო? მოვიდა ნანატრი დეკრიმინალიზაცია. მაგალითად, რა უნდა ვუყოთ ათიათასობით ადამიანს, რომელსაც ღვიძლი ეშლება და რეაბილიტაცია ჭირდება? გირჩი იტყვის, თუ არ ვიჭერთ, მათი დაშლილი ღვიძლი მათი საქმეაო.
10. ჯერ-ჯერობით თეთრ ხმაურს ამ კითხვაზე პასუხები არ აქვს ან, თუ აქვს, ამაზე ხმამაღლა, არდაჭერის არგუმენტთან ერთად არ საუბრობს. მომავლის ნარკოპოლიტიკის პოზიტიური პროექტი – აი, ეს იქნებოდა უხილავი ხელი, რომელიც გირჩსა და მსგავსებს მემარცხენე მოძრაობის აქციებიდან გაყრიდა.

Posted in აუდიო, პოსტები, Uncategorized | Tagged , , , | Leave a comment

ერნესტო კარდენალი და მე/რობერტო ბოლანო

Roberto_bolaño

ქუჩაში მივდიოდი ოფლიანი

და სველი თმა  სახეზე მეკვროდა.

შევნიშნე ერნესტო კარდენალი

გზის მეორე მხარეს.

მისალმების ნაცვლად ვკითხე:

მამავ, ცათა სასუფეველში,

რომელიც კომუნიზმია,

არის ადგილი ჰომოსექსუალებისთვის?

დიახ, მან თქვა.

მოუნანიე ონანისტებისთვის?

სექსდამონებულებისთვის?

სადომაზოხისტებისთვის, მეძავებისთვის, ოყნით შეპყრობილებისთვის,

რომლებიც მას მეტად ვეღარ იღებენ,

რომლებიც მას საერთოდ ვეღარ იყენებენ?

და კარდენალმა თქვა, კი.

და ავიხედე ზემოთ

და ღრუბლები მოჩანდნენ,

კატების მკრთალი ვარდისფერი ღიმილებივით.

და ხეები ერთმანეთს ეხლართებოდნენ

ტოტების რხევით.

ველური ხეები თითქოს მითვლიდნენ:

ერთ დღესაც, უმალ ადრე, ვიდრე გვიან,

შენ აღმოჩნდები

ჩემს მოქნილ მკლავებში, ჩემს მტკიცე მკლავებში,

ჩემს გაყინულ მკლავებში. ბოტანიკური სიცივე,

თმას რომ ყალყზე დაგიყენებს.

 

 თარგმნეს  ვაკო ნაცვლიშვილმა და გიორგი ხასაიამ

 რობერტო ბოლანო – ჩილელი პოეტი და რომანისტი.

ერნესტო კარდენალი –  ნიკარაგუელი განმათავისუფლებელი თეოლოგი, კათოლიკე მღვდელი და პოეტია, სანდინისტების მთავრობის კულტურის ყოფილი მინისტრი.

Posted in თარგმანები | Tagged , | Leave a comment

ტურისტი ითხოვს / ვაკო ნაცვლიშვილი

klee.golden-fish

ავტობუსის გაჩერების ადგილი
არის მონიშნული მკრთალი საღებავით ასფალტზე.
ორკესტრი ასრულებს წარმოდგენას; ინსტრუმენტებს ალაგებენ ყუთებში.
აგვისტოს მზის ქვეშ მორიელი და მგელი ხვდებიან ერთმანეთს.

ტურისტი ითხოვს, არ მოწვიმოს; მშრომელი ითხოვს, მოწვიმოს.
რესტორნის მიმტანს მოაქვს ხორცი და მთლიანად ვჭამთ;
ხორცის ნაწილს გადავამუშავებთ და მოვინელებთ,
ხორცის ნაწილს ვერ გადავამუშავებთ და ვერ მოვინელებთ.

ეს ნიადაგი დაბინძურებულია სპილენძით.
ჭკვიანი თოჯინა თვითონ გამოიცვლის კაბას და ნიფხავს.
დაცვის სამსახურის თანამშრომლები იცავენ საკუთარი თავისგან
ინვესტორის მოგებას და ცვლების დასრულებისას მირბიან
ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში; იარაღები მათია, ტყვიას ინვესტორი აკონტროლებს;
გამოკრავენ ხელს სასხლეტს, მაგრამ ტყვიის ტრაექტორიას ვერ განსაზღვრავენ.

კიბოს ვერ განკურნავს გამოხატვის თავისუფლება.
კურდღლებს ბავშვები ურტყამენ სათამაშო ჩაქუჩებს;
მშობლები საუბრობენ დაბინძურებულ წყალზე და ეშინიათ;
საერთო საცხოვრებლის ვიწრო დერეფანში კურდღელი ამბობს:

“ერთი სათლი წყალი საკმარისია, რომ დავბანოთ ორი ბავშვი.
ერთი კილოგრამი ფქვილი საკმარისია, რომ მოვზილოთ ცომი სამი პურისთვის.
ერთი ქილა მაწონი საკმარისია, რომ სამი ობოლი გამოვკვებოთ.
ერთი ბოთლი კოკა-კოლა საკმარისია, რომ რვა ადამიანი გავახაროთ.
ერთი სიცოცხლე საკმარისია, რომ სიკეთე ვაკეთოთ.”

აფთიაქში დახარჯული ფული ემატება ჩვენი შრომის დამატებით ღირებულებას.
საბანკო პროცენტის თარიღების მოახლოებისას
ოჯახურ ურთიერთობებში ჩნდება ბზარები;
დედა სილას უმიზეზოდ გააწნის პატარა ვაჟს;
მამა იგვიანებს და მოდის მთვრალი;
ბებია საჭმელში თმას ჩააგდებს და დილით წნევის წამლის დალევაზე უარს ამბობს;
დაძინებისას ბაბუა ზედა ყბის პროტეზს გამოსაჩენ ადგილზე ტოვებს;
მეზობლები უჩვეულოდ ხმაურობენ ზედა სართულზე;
ყველა ხმოვანი სათამაშო ერთდროულად მღერის.

ხორცის მაღაზია გვთავაზობს ფართო არჩევანს:
ქათმის ხორცის ჭამა ქათამთან ერთად + ცხვრის ხორცის ჭამა ცხვართან ერთად +
ცხვრის ხორცის ჭამა მგელთან ერთად.
მაღაზიაში ერთმანეთს ხვდებიან ტურისტი და ინვესტორი;
ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის?

როცა შუა აგვისტოში საზღვაო ქალაქში ტურისტი ითხოვს, არ მოწვიმოს,
ხოლო მშრომელი ითხოვს, მოწვიმოს,
ყოველთვის გაწვიმდება ხოლმე – ყველამ იცოდეს: ასეთია წესი.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

ნაენავი, ანუ ბოლო წერილი ილია ზდანევიჩს

klee

Posted in Uncategorized | Leave a comment

Lavash Nash! ანუ სამი საჯარო ჟესტი/Lavash Nash! or three public gestures

                                                  lavashi surati

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი/Cyber Theatre of indirect action

გიორგი ხასაია და არტურ პეტროსიანი: ლავაშ ნაშ, ანუ  სამი საჯარო ჟესტი

Giorgi Khasaia and Artur Petrosyan: Lavash Nash(Lavash is ours), or three public gestures

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | Leave a comment

მანიფესტი ნაგვის / ვაკო ნაცვლიშვილი

nagavsakreli

თქვი, რომ ნაგვის ახალი განმარტება ძველს ვერ აუქმებს.

თქვი, რომ წერის დროს დაგროვებული ნაგავი არც მეტია და არც ნაკლებია კითხვის დროს დაგროვებულ ნაგავზე.

თქვი, რომ ნაგვის შესწავლა მოითხოვს ნაგვის გატანას.

თქვი, რომ ნაგავს სასამართლო დარბაზში სამხილად წარადგენ.

თქვი, რომ ნაგვის შეგროვებისას ვიწრო დერეფანში დაკარგე ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი.

თქვი, რომ ქალის ნაგავი არ განსხვავდება კაცის ნაგვისგან.

თქვი, რომ ოიდოპოსმა დიდ შეხვედრამდე ნაგვის გროვა ნახა.

თქვი, რომ ნაგვის დახარისხებისას ცალკე გადააწყვე ნაგვის მეტაფორები.

თქვი, რომ რესტორნის წინ დაყრილ ნაგავში იპოვე ნაგვის მენიუ.

თქვი, რომ სიღარიბე ნაგავს ვერ იტანს.

თქვი, რომ ანუსის ნაგავი უკეთესია ვაგინისა და პენისის ნაგავზე.

თქვი, რომ წერის ნაგავი არ განსხვავდება ჩვეულებრივი ნაგვისგან.

თქვი, რომ ომის ნაგავი დედაქალაქამდე ვერ აღწევს და მხოლოდ საზღვრისპირა სოფლების ჰაერს აფუჭებს.

თქვი, რომ ცხოველების ნაგავსაყრელზე შეხვდი ბავშვს ვერცხლის კოვზით ხელში.

თქვი, რომ მეზობლების ნაგავი არ არის უსაფრთხო.

თქვი, რომ შეცდომით გამოყენებული სიტყვა ხანდახან იქცევა მეტაფორად, ხოლო ნაგავი – საშენ მასალად.

თქვი, რომ ნაგვის შინაარსი არ დგინდება წაკითხვისას, ანდა წერისას.

თქვი, რომ ნაგავი საერთოა, მაგრამ შეგვიძლია, გავინაწილოთ.

თქვი, რომ ნაგვის წაკითხვა შეუძლებელია ნაგვის მცდარად წაკითხვის გარეშე.

თქვი, რომ ნაგვის შემგროვებლის პირი არ ყარს უფრო მეტად, ვიდრე ნაგვის გადამყრელის.

თქვი, რომ ნაგვის მეტყველება წინ არ უსწრებს ნაგვის წერას.

თქვი, რომ მთავარი ნაგავსაყრელის აფეთქებით შეგიძლია, დაავადებები გაავრცელო ქალაქში.

თქვი, რომ ნაგვის მანქანა გავს ლიტერატურის მანქანას.

თქვი, რომ სახლის სარდაფში საიდუმლო ნაგავს ინახავ.

თქვი, რომ კითხვა არის შეცდომით კითხვა, ნაგვის თუ სხვა რამის.

თქვი, რომ ერთ ბანკირს გაკვეთისას გულის ნაცვლად უპოვეს ნაგავი, ხოლო მეორეს – ნაგვის სურათი.

თქვი, რომ ნაგავში ქექვისას დაინახე ანგელოზი ნაგვის.

Posted in Uncategorized | Tagged , | Leave a comment

საზეპირო / მაშო ხასაია, გიორგი ხასაია

 

Posted in Uncategorized | Leave a comment