დ.ა.პ.-ატიჟება გეგმიურ პოეტიკაში/გიორგი ხასაია

prigov

 

 

 

 

 

 

 

დაიბეჭდა ”ახალი საუნჯის” მე-2 ნომერში

(მოკლე საუბარი პრიგოვზე)

ხანდახან ისე ხდება, რომ კულტურულ სცენაზე, თითქოს არსაიდან, დაუპატიჟებლად ადის ფიგურა, რომელიც მაყურებელთა დარბაზების გაღიზიანების, სტვენის ან აღფრთოვანების სრული იგნორირებით, ცოტა ხანში ამ კულტურული სცენის გარდაქმნას ახერხებს. ხან ცვლის აღქმის პარადიგმას, ხან უჩვენებს, როგორ ფუნქციონირებს თავად ეს კულტურა, მაგრამ საბოლოო ჯამში კულტურის საზღვრებს აფართოვებს. ასეთი ფიგურები საშუალებას იძლევიან კულტურული კონვენციების რუხი ფარდების გადაწევით დავინახოთ სხვა ცა. სხვა ცა. ერთი ასეთი ფიგურაა პრიგოვი დიმიტრი ალექსანდრეს ძე, იგივე დ.ა.პ. პოეტი, პროზაიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, მსახიობი, პერფორმანს-არტისტი, ლინგვო-არტისტი, მუსიკოსი, მანტრაკარა, მუეძინი, მაგი, „მულტი-მედიალური მოწყობილობა“ და სხვ.
პრიგოვი ერთ ცალკე აღებულ ადამიანში განხორციელებული Gesamtkunstwerk-ია.  რიჰარდ ვაგნერის თანახმად, მთელი ხელოვნების ისტორია სხვა არაფერია, თუ არა მოსამზადებელი ეტაპი Gesamtkunstwerk- ისთვის, ხელოვნების დარგების ჰარმონიული ერთიანობისთვის, სინთეზისთვის. პრიგოვის შემთხვევაში Gesamtkunstwerk ხორციელდება არა როგორც კოლექტიური მოქმედების პროდუქტი, არამედ ის ერთ ადამიანში განსხეულდება. პრიგოვის შემოქმედებითი პროექტი არნახულად ტევადია, ის ისწრაფვის გახდეს “ყველაფერი ერთში”.
ტერმინს „მოსკოვური რომანტიკული კონცეპტუალიზმი“ მკვლევარს, ბორის გროისს უმადლიან. სწორედ მას ეკუთვნის ამავე სათაურის ტექსტი, რომელშიც 1979 წელს მიმოიხილა მოსკოველი არტისტების ერთი ჯგუფის აქტივობები. გროისსვე ბრალდება “მოსკოვური კონცეპტუალიზმის” დასავლეთში წარმატებული გატანა, თითქოსდა მან აუხსნა გასაგებად დასავლეთს, რას აკეთებდა ეს ჯგუფი. დ.ა.პ.-ი მოსკოველი კონცეპტუალისტების ერთერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელია, მაგრამ არა ყველაზე ცნობილი (ამ პოზიციაზე ილია კაბაკოვის კანდიდატურა ყველაზე რეალური ჩანს).
რა შეიძლება ტოტალიტარიზმისგან გამოადნოს პოეტმა? ზოგი ახერხებს კარგი ლექსები გამოადნოს აქედან, ზოგი ბიოგრაფიას გამოგლეჯს (მაგ. ბროდსკი: ანა ახმატოვას რეპლიკა მასზე – რა ბიოგრაფიას უკეთებენ ჩვენს წითურს!), ზოგიც კეთილდღეობას და სხვ. დ.ა.პ.-ის გამოცდილება ამ შემთხვევაში უნიკალურია და არცერთ იქამდე ცნობილ მოდელს არ იმეორებს. შეგახსენებთ, საბჭოთა კავშირის ეკონომიკური წყობა წარმოადგენდა ე.წ. გეგმიურ ეკონომიკას. გეგმიური ეკონომიკის პირობებში წინასწარ იგეგმება თითქმის ყველა საქონლისა და მომსახურების მოცულობა. პრიგოვმა ტოტალიტარიზმისგან ისესხა თავად ეკონომიკის ორგანიზების ფორმა და გადანერგა იგი პოეტურ პრაქტიკაში და წარმატებით შეასრულა გეგმა, რომელიც 30000 ლექსის დაწერას გულისხმობდა. მეტიც, პრიგოვმა, როგორც მანქანამ, ან სულაც გიგანტურმა საბჭოთა ქარხანამ, სარწმუნო ვერსიით 36 000 ლექსი გამოიმუშავა. მან გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. ამდენად დ.ა.პ. -ის რეგალიებს თავისუფლად შეიძლება შრომის გმირის წოდებაც მიემატოს.
გეგმიურ ეკონომიკას აქვს კიდევ ერთი მახასიათებელი – ის თითქმის გამორიცხავს პირად საკუთრებას წარმოების საშუალებებზე. პირადი საკუთრების არარსებობაც პრიგოვის შემოქმედებაში თავისებურ გამოვლინებას პოვებს – პრიგოვი ვირტუოზულად იმიტირებს სხვა პოეტების ხმებს, იყენებს მათთვის დამახასიათებელ სტილურ თავისებურებებს, საკუთარი შემოქმედებითი სტრატეგიის ფარგლებში ეწევა თითქმის ყველა პოეტური იმიჯის ან პრაქტიკის აპროპრიაციას, რომელიც კი იქამდე რუსული პოეზიის ფაქტი გამხდარა. პრიგოვის მხრიდან “პირადი საკუთრების” თავხედური ხელყოფის ალბათ ყველაზე კარგი მაგალითია ციკლი “ჯორჯიკისთვის”, რომელშიც ცნობილი რუსი პოეტების (პუშკინი, პასტერნაკი, ბლოკი…) ცალკეულ ლექსებში ზოგან ნაცვალსახელები, ზოგან საკუთარი სახელები შეცვლილია სიტყვით დინოზავრი. დანარჩენი იგივე რჩება, მხოლოდ სიტყვა დინოზავრი იკავებს რომელიმე სხვა სიტყვის ადგილს. როგორც თავად პრიგოვი ხსნის (ხოლო ახსნა, კომენტარი, ან წინასწარი უწყება პრიგოვთან არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ნაწარმოები), ეს ციკლი გაკეთდა მისი შვილიშვილის, გიორგისთვის, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა დინოზავრების მიმართ, ამიტომ ის მზად იყო მიეღო ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც დინოზავრი ფიგურირებდა. შესაბამისად, მზრუნველ ბაბუას შეყავს დინოზავრი კლასიკურ რუსულ პოეზიაში და ამ “რიმეიქით” პატარა შვილიშვილისთვის საინტერესოს ხდის მას. ცხადია, ამ ჟესტის დანიშნულება მხოლოდ შვილიშვილის გართობა არ არის, ეს ჟესტი კულტურისადმი დამოკიდებულებას უჩვენებს, ის ცდილობს გაიგოს, როგორ ფუნქციონირებს მხატვრული ნაწარმოები, ან თავად კულტურა, რა იცვლება მასში თუნდაც მცირე დეტალების გადაადგილებით, ამოჭრით ან ჩასმით. როგორც თავად დ.ა.პ.-ი იტყოდა “კულტურა ეს არის კულტურის შემოწმება სიმყარეზე”.
ახლა სრულიად უსარგებლო მგონია რამის დაწერა გენიალურ ციკლზე “მილიციელის აპოთეოზი”, ან “ანბანი” ან სულისშემძვრელ ვიდეოებზე, ინსტალაციებზე თუ ლექციებზე. დ.ა.პ.-ი არ არის პოეტი, რომელიც თან ხატავს, ან სკულპტორი, რომელიც იმავდროულად აკეთებს ინსტალაციებს, ან პერფორმანს-არტისტი, რომელიც წერს რომანებს და ა.შ. დ.ა.პ.-ი ეს ყველაფერი ერთადაა. ამაშია მისი მოუხელთებლობა.
არსებობს ერთი ისტორია, რომლის ავტორად პრიგოვის უახლოესი მეგობარი, პოეტი ლევ რუბინშტეინი გვევლინება. ერთხელ თითქოსდა, მასთან მივიდა პრიგოვი და უთხრა, რომ ის სრულიად შემთხვევით მოწმე გახდა საკუთარი სახალხო აღიარებისა და დიდების – მან ქუჩაში ყური მოკრა, როგორ კითხა გაბრაზებულმა კაცმა ქალს: “იქნებ შენ ეს მძღნერი პრიგოვი მოგწონს?!”. სახალხო აღიარება ხანდახან ასე ვლინდება. პრიგოვი სახალხო პოეტიც არის. თავისებურად.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s