მეშახტეების ხსენებაც შეიძლება/ვაკო ნაცვლიშვილი

figure1

კუტზეეს რომანში “ბარბაროსების მოლოდინში” კოლონიალისტ მაგისტრატს სახლში მიჰყავს ბარბაროსი გოგონა, რომელიც ცემის შედეგად მხედველობას კარგავს: ის ვერასდროს დაინახავს ცენტრს, მხოლოდ კიდეებს ხედავს, პერიფერიებს. თავის მხრივ, მაგისტრატს, რომელიც ცდილობს, გაიხსენოს გოგონას სახე, ხელში სიცარიელე რჩება. ზუსტად აღიდგენს იმ დღეს, როდესაც პირველად, ფანრით დაათვალიერა ტყვე ბარბაროსების ნაგვემი სახეები, თანმიმდევრობით მოიგონებს ყველას ნაკვთებს. იგი იხსენებს ადგილს, სადაც გოგონა იდგა, მამის გევრდით, მამაზე დაბალი… მაგრამ იქ, სადაც გოგონას სახე უნდა იყოს, სიცარიელეა. კუტზეე მიზანმიმართულად გამოტოვებს ბარბაროსი გოგონას სახეს, მაგისტრატის მზერა მას აქრობს. კუტზეე ევრიდიკესა და ორფეოსის, ერთი მხრივ, და ფსიქესა და ეროსის, მეორე მხრივ, მითებით თამაშობს. თეთრი პროტესტანტი მაგისტრატი ყოველდღე, რიტუალურად განბანს ბარბაროს გოგონას, მაგრამ იგი ვერასდროს შეაღწევს მის სხეულში, გოგონას სხეული და ენა მისთვის დახურულია. ორფეოსს სიყვარული არ ყოფნის და ამიტომ ქრება ევრიდიკე, რომელიღაც ინტერვიუში იტყვის კუტზეე.
ასე გამოირიცხება ჭიათურისა თუ ტყიბულის შახტებსა და მაღაროებში დაღუპული ადამიანების სახეები ჩვენი მეხსიერებიდან. ჩვენ ვიცით, ისინი ვინ არიან, როგორ პირობებში მუშაობენ, მაგრამ, როგორც კი, მათ გახსენებას ვცდილობთ, ისინი ქრებიან. მათი სიკვდილები ტელევიზიის ეკრანებს მოივლიან, ჩვენს თბილ სახლებში შემოირბენენ, დატოვებენ პურის სუნს და ქრებიან. როლანდ ნოზაძისა და იუზა სამხარაძის სიკვდილი დასანანია, მაგრამ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ახალ მკვდრებს ველოდებით. ველოდებით ახალ ნიუსს, რომელიც მოიტანს ახალი მკვდრების ამბავს. მერე შეგვიძლია, ფეისბუქ-ჯგუფი გავაკეთოთ (სასურველია, დახურული) და იქ მაგრად ვაგინოთ ცუდ დამსაქმებლებს.
ყველანი თანამზრახველები ვართ მათ გაქრობაში, ჩვენი დუმილი ამას აჩვენებს. ერთმანეთს თვალს ვუკრავთ. დასანანია, საწყალი, ორი შვილის მამა, დარჩა ლამაზი ცოლი. 2012-ში იყო 3 მკვდარი, 2013-ში – 2. თუ პირიქით? ზუსტად როგორ იყო? აფეთქება? ჩამოინგრა თუ რაღაც, არა? მათი არჩევანი არ იყო?
ჩვენი მზერა აღარ ცდილობს, მოწყდეს ცენტრს და პერიფერიებს მიემართოს. ჩვენ მათ სახეებს ვეღარ ვიხსენებთ. ხოლო თუ ხანდახან, მაინც გადავწყვეტთ მათ ხსენებას, ამას ვეკეთებთ ბუნდოვნად, ისე, რომ პოზიცია ცხადად არ ჩანდეს, ისეთ დროს, რომ სხვა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ამბებში ჩაიკარგოს, იმგვარად, რომ ზედმეტმა პათეტიკამ ნათქვამს შინაარსი დააკარგვინოს. კუტზეეს ხსენებაც შეიძლება ასეთ დროს.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s