ინგროყვას ქუჩას მოუყვანებიან კაზრეთიდან ჩამოსული მუშები, მათი დები, დედები და ცოლები. ჩუმად მოდიან და მოაქვთ ქართული ოცნების დროშა.
დერმატინის კურტკები აცვიათ. ქალებს, ძირითადად, გრძელი, შუა წვივზე. კაცებს – მოკლე, ბიჭურად.
საიდანღაც ჩნდება ჯონდი ბაღათურია, სოკოსავით ამოდის მთავრობის კანცელარიის წინ მოგებულ ბეტონზე. მელოტ თავს მიუშვერს რუსთავი 2-ის მიკროფონს და სიმღერას იწყებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე რაღაცას არიგებს მის გარშემო შემოკრებილ მუშებს. როდესაც ტელევიზიის კამერას შეამჩნევს, საყურეს მოიხსნის, ჯიბიდან ნიღაბს ამოიღებს და ცვლის ინტონაციას, მეტყველების მანერას, ხმასა და სიტყვებს.
მუშები ფიქრობენ, გადაინაცვლონ სამებასთან და შეხვდნენ პატრიაქრს. ლინა ღვინიანიძე აჯერებს, რომ უნდა დარჩნენ, რომ მათი მთავრობას უნდა ელაპარაკონ. ვიხსენებ წინა აქციას: ლინა ღვინიანიძის გარშემო 8 მუშა დგას; დახრილი თავებით უყურებენ; ერთ-ერთი მათგანს ხელები ისე აქვს, როგორც ლოცვის დროს – ერთი ხელის ზურგი მეორე ხელის გულში.
გიორგი გუგავა სერიოზული სახით დგას ვიდეოკამერის წინ. თეო ხატიაშვილი დგება გუგავას უკან, შლის ფერად ქოლგას, მიუშვერს კამერას და ატრიალებს. დღესასწაული იწყება. შავი დერმატინის კურტკებში აფრიალდება მრავალფერი ქოლგა – ცისარტყელა. წამიერად და ქრება.
მუშების ხმა არ ისმის. მათი ხმა იკარგება, როგორც ყოველთვის. ბევრი მიზეზია: მანქანის მყვირალა მუხრუჭი, სკოლიდან გამოსული ბავშვების ხმაური, გაუმართავი რუპორი, გამომსვლელის ანგინა. თუ ამავე მოცემულობებში სხვა თემაზე ვილაპარაკებთ, ყველაფერი სმენადი გახდება. მუშების ხმა კი არ ისმის.
მაგრამ ამ გაბმულ ხმაურში, სადაც ვერც ერთი ხმა ვერ ბატონობს, სადაც ერთდროულად ისმის სუნთქვა, დაუსრულებელი წინადადებები, ცალკეული სიტყვები, სასისმიერი ბგერები, კვნესა, ღიღინა, ქართული ოცნების დროშის ფრიალის ყრუ ხმა, შორისდებული… ასეთ დროს ჩნდება შანსი, მიოსმინო ენის ხმაური, ან ენის ფუთფუთი, როგორც გენებოთ.