საგანგებო მდგომარეობა / ვაკო ნაცვლიშვილი

orta

 

 

 

 

 

 

 

 

1.
ლ. ჰეჯინიანი უჩვენებს გაყინულ ხელებს.
ნიშნებს, განსხვავებებს, ტერიტორიებს მოინიშნავ
წითელი ხაზებით, წითელი მელნით.

მე ვკითხულობ შენს წერილს.
ღამის ქალაქი, სადაც ერთმანეთს შორიდან ვუჩვენებთ
გენიტალიებს, აკრძალვებსა და თითებს.

გუშინ მოკლეს დ. ჯიქია.
დანა მუცელში გაუყარეს,
შემდეგ – ფერდში. ბავშვები მღეროდნენ
პირველი სისხლის დანახვისას.

შრეები, წერტილები, იდეოლოგიები, სიხშირეები –
როგორ დავასრულოთ წინადადება?
მითხარი, მეგობარო, როგორ დავასრულოთ
ძაღლური ცხოვრება.

2.
ქანდაკებებს დავშლით ქვებად და წერაქვად.
გავნაწილდით. ქალაქის გასასვლელთან დგას
დ. ჯიქია. ლაბადა ქვებით აქვს სავსე.
ღია და საშიშია ჩვენი ქალაქი.

მინახავს მთვრალი ბაზარი, სადაც აბურთავებენ
ქათმებს, სხვა ფრინველებს, გველებით თამაშობენ.
სახლში ვბრუნდები. მიმაქვს წამლები.

3.
სახიფათოა ბავშვების დახასიათება.
ვიდეოთვალი იმახსოვრებს ჩვენს დაჭიმულ კუნთებს,
კეფას სიცხეში. გვითვალთვალებენ.

როგორ ყოფს წინადადება? ჭიქის ნამსხვრევებს
ცოცხით მიიტან ოთახის კუთხეში.

დ. ჯიქიას უახლოვდება
შუა ხნის ქალი გრძელი, შავი ქურთუკით.
ერთმანეთს უღიმიან.

4.
ქუჩაში ვპოულობ ფერუმარილის გატეხილ
ფლაკონს. ვყნოსავ. ლოყებს ვიფერადებ. აქ დამარცხებაც
შეზღუდულია და ნაწილობრივი.

მიმოაბნიე ქერი და ხორბალი ცივ სხეულებს.
დაცარიელდა ქალაქი. ლურჯი ძაღლი ფოსტის შენობაში.
დ. ჯიქია ჯიბიდან ამოიღებს
მოზრდილ ქვას. ხელში ათამაშებს. ენას აუსვამს.

ყველა წინადადება დახურულია.
შეგიძლია, აღწერო როცა იხსნება?
სულს შეუბერავ. ფერუმარილის მტვერი მოედება
ჯერ კიდევ მკვახე შინდს აგვისტოში.

5.
მხოლოდ მეორე დარტყმისას
მისი მოძრაობა გახდა მშვენიერი.
თვალები – სანდო.

6.
დ. ჯიქია მერიის უკანა კარიდან გამორბის
ბეჭედდასმული თეთრი ფურცლებით ღამით.

ჩვენ გვაქვს 75 დანა,
4 პნევმატური ავტომატი აუგ-3,
ქვებით სავსე ჯიბეები.
ეს ბაღები განტოტვილი ბილიკებით არსად მთავრდება.

დანაშაულის ადგილი. სტადიონზე ბავშვები
თამაშობენ. თხელი, მოკლე შარვლები უფრიალებთ.
მოძებნე წინადადება. რამდენი არიან, ექიმო?

7.
ყველა წინადადება მიუთითებს ადგილს,
სადაც ეცემა დ. ჯიქია. პარიკი ძვრება.

ჩვენი ქალაქი გაივსო სამხილებით, წითელი
ლენტებით. ვმხიარულობთ.
ვტოვებთ ტელევიზიებს, ტაძრებს, ბიბლიოთეკებს.
წერილის მარტოობა (მ. ბლანშო).

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s