ტურისტი ითხოვს / ვაკო ნაცვლიშვილი

klee.golden-fish

ავტობუსის გაჩერების ადგილი
არის მონიშნული მკრთალი საღებავით ასფალტზე.
ორკესტრი ასრულებს წარმოდგენას; ინსტრუმენტებს ალაგებენ ყუთებში.
აგვისტოს მზის ქვეშ მორიელი და მგელი ხვდებიან ერთმანეთს.

ტურისტი ითხოვს, არ მოწვიმოს; მშრომელი ითხოვს, მოწვიმოს.
რესტორნის მიმტანს მოაქვს ხორცი და მთლიანად ვჭამთ;
ხორცის ნაწილს გადავამუშავებთ და მოვინელებთ,
ხორცის ნაწილს ვერ გადავამუშავებთ და ვერ მოვინელებთ.

ეს ნიადაგი დაბინძურებულია სპილენძით.
ჭკვიანი თოჯინა თვითონ გამოიცვლის კაბას და ნიფხავს.
დაცვის სამსახურის თანამშრომლები იცავენ საკუთარი თავისგან
ინვესტორის მოგებას და ცვლების დასრულებისას მირბიან
ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში; იარაღები მათია, ტყვიას ინვესტორი აკონტროლებს;
გამოკრავენ ხელს სასხლეტს, მაგრამ ტყვიის ტრაექტორიას ვერ განსაზღვრავენ.

კიბოს ვერ განკურნავს გამოხატვის თავისუფლება.
კურდღლებს ბავშვები ურტყამენ სათამაშო ჩაქუჩებს;
მშობლები საუბრობენ დაბინძურებულ წყალზე და ეშინიათ;
საერთო საცხოვრებლის ვიწრო დერეფანში კურდღელი ამბობს:

“ერთი სათლი წყალი საკმარისია, რომ დავბანოთ ორი ბავშვი.
ერთი კილოგრამი ფქვილი საკმარისია, რომ მოვზილოთ ცომი სამი პურისთვის.
ერთი ქილა მაწონი საკმარისია, რომ სამი ობოლი გამოვკვებოთ.
ერთი ბოთლი კოკა-კოლა საკმარისია, რომ რვა ადამიანი გავახაროთ.
ერთი სიცოცხლე საკმარისია, რომ სიკეთე ვაკეთოთ.”

აფთიაქში დახარჯული ფული ემატება ჩვენი შრომის დამატებით ღირებულებას.
საბანკო პროცენტის თარიღების მოახლოებისას
ოჯახურ ურთიერთობებში ჩნდება ბზარები;
დედა სილას უმიზეზოდ გააწნის პატარა ვაჟს;
მამა იგვიანებს და მოდის მთვრალი;
ბებია საჭმელში თმას ჩააგდებს და დილით წნევის წამლის დალევაზე უარს ამბობს;
დაძინებისას ბაბუა ზედა ყბის პროტეზს გამოსაჩენ ადგილზე ტოვებს;
მეზობლები უჩვეულოდ ხმაურობენ ზედა სართულზე;
ყველა ხმოვანი სათამაშო ერთდროულად მღერის.

ხორცის მაღაზია გვთავაზობს ფართო არჩევანს:
ქათმის ხორცის ჭამა ქათამთან ერთად + ცხვრის ხორცის ჭამა ცხვართან ერთად +
ცხვრის ხორცის ჭამა მგელთან ერთად.
მაღაზიაში ერთმანეთს ხვდებიან ტურისტი და ინვესტორი;
ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის?

როცა შუა აგვისტოში საზღვაო ქალაქში ტურისტი ითხოვს, არ მოწვიმოს,
ხოლო მშრომელი ითხოვს, მოწვიმოს,
ყოველთვის გაწვიმდება ხოლმე – ყველამ იცოდეს: ასეთია წესი.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s