ხმაური თეთრი ხმაურის გარშემო/ვაკო ნაცვლიშვილი

txm

1. აქ, ფეისბუქზე, ლივლივებს მატყუარა შთაბეჭდილება, რომ მთავარი ხდება აქ, ფეისბუქზე. რომ ისეთ სტატუსს დავწერ, ქვას გახეთქავს; რომ ისე ჭკვიანურად ვუპასუხებ, გაუკვირდება; რომ ისეთ სიმღერას გავაზიარებ, თავს ანძაზე მიიჯაჭვავს; ისე ვიღლიცინებ, რომ გაიგოს მთელმა უბანმა. რაც უფრო ვაიშვიათებ აქ, ფეისბუქზე, ყოფნას, მით უფრო ცხადი ხდება, რომ აქ, ფეისბუქზე, არაფერი ხდება.

2. თეთრი ხმაურისა და გირჩის გარშემო ატეხილი ხმაური ამ მატყუარა შთაბეჭდილების ნაწილია. ხდება სხვაგან. ხდება, მაგალითად, იქ, სადაც ოცი წლის ბიჭი პოლიციას თვითმკვლელობამდე მიჰყავს.
3. ეს მატყუარა დაპირისპირებები თავის კალაპოტს უჩემოდაც იპოვის, მაგრამ მინდა, ამ დაპირისპირებაში ამოტივიტივებულ რამდენიმე საკითხზე მოკრძალებული სიტყვა ვთქვა.
4. თეთრ ხმაურს, რომელიც თავს არიდებს, თქვას, დიახ, არ მინდა გირჩთან ერთად აქციაზე დგომაო, გოიმობაში ადანაშაულებენ. ძირითადი, რასაც ამ მოძრაობას საყვედურობენ, ესაა: აქციიდან კაცის გაგდება გოიმობაა, ბანძობაა და ქაჯობააო. სამივე ეს სიტყვა, რომელიც ერთი აღსანიშნის აღმნიშვნელია, სხვადასხვა ვოკალით გაისმა.
5. რას გვეუბნება ეს მარადგანახლებადი დიქოტომია გოიმობასა და არაგოიმობას შორის? რაში გვეხმარება? ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, გოიმი ეწოდებინოთ, მაგალითად, ბაჩანა ახალაიასთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ან ზურაბ ჯაფარიძისთვის. ისინი გოიმები არ არიან; იპოთეკით დაზარალებულის ქუჩაში დატოვება მცირეწლოვანი შვილებით გოიმობა ვერ იქნება. მაშასადამე, ეს არის ლიბერალური შანტაჟის ფორმა, რომელიც კარგად მუშაობს. აქედან: არ უნდა მოგვერიდოს, არ უნდა შეგვრცხვეს, იქ აღმოვჩნდეთ, რასაც გოიმობად უხმობენ.
6. მეორე მხრივ, უბრალოდ არაგონივრულია, გამოიკვლიო, აქციაზე ვისთან ერთად დგახარ. არაგონივრულიც არის და არათანმიმდევრულიც იქნები – მარტივად: შუბლზე ამოტვიფრული ფაშიზმის ნიშნებით არ დადიან ადამიანები ისე, როგორც ერთ ფილმშია. სხვა რამ არის საჭირო.
7. თეთრი ხმაური მემარცხენე მოძრაობად თვითიდენტიფიცირებს. ეს ძალიან კარგია. აქ და ახლა ვერ ვხედავ ვერცერთ არგუმენტს, რომელიც მიბიძგებდა, ამ ფაქტს გავეღიზიანებინე. მეორე მხრივ, უხერხულობას იწვევს ის, რომ მოძრაობის წევრები გირჩთან თანამშრომლობას იმედის თვალით უყურებენ. როგორ არის შესაძლებელი, რომ თეთრ ხმაურსა და გირჩს მომავლის ნარკოპოლიტიკაზე იდენტური ხედვები ჰქონდეთ? შესაძლებელია, პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც ბაზრის ფუნდამენტალისტებს აერთიანებს, დაემთხვეს მემარცხენე მოძრობას? არა, არ არის შესაძლებელი.
8. აღარ შევეხები იმ არგუმენტს, რომ მემარცხენე მოძრაობაში ნარკოტიკით სიამოვნების მიღებისა და გართობის უფლება მთავარი თემა ვერ იქნება – თუნდაც იმიტომ, რომ მემარცხენე მოძრაობის გართობის პროექტი არ შეიძლება, გართობის ლიბერალურ პროექტს იმეორებდეს. ეს გრძელი და საინტერესო თემაა, მაგრამ სხვა დროს. არ შევეხები სიამოვნების უფლების არგუმენტს თუნდაც იმიტომ, რომ თეთრი ხმაურის ზოგიერთი წევრი თავადაც ცდილობს, ამ არგუმენტს დაუსხლტდეს და მზერა კლასობრივს მიაპყროს.
9. ახლა ერთ საკითხზე მინდა, შევჩერდე – როგორ აირიდოს ამ მოძრაობამ გირჩი და მსგავსი ისე, რომ აქციაზე ცოცხებით არ სდიოს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვა კითხვა უნდა დავსვათ: რა ხდება მას შემდეგ, რაც აღარ დაიჭერენ? რა მოხდება მას შემდეგ, რაც ნეგატიური მოწოდება “არ დაიჭირო” აღარ იქნება საჭირო? მოვიდა ნანატრი დეკრიმინალიზაცია. მაგალითად, რა უნდა ვუყოთ ათიათასობით ადამიანს, რომელსაც ღვიძლი ეშლება და რეაბილიტაცია ჭირდება? გირჩი იტყვის, თუ არ ვიჭერთ, მათი დაშლილი ღვიძლი მათი საქმეაო.
10. ჯერ-ჯერობით თეთრ ხმაურს ამ კითხვაზე პასუხები არ აქვს ან, თუ აქვს, ამაზე ხმამაღლა, არდაჭერის არგუმენტთან ერთად არ საუბრობს. მომავლის ნარკოპოლიტიკის პოზიტიური პროექტი – აი, ეს იქნებოდა უხილავი ხელი, რომელიც გირჩსა და მსგავსებს მემარცხენე მოძრაობის აქციებიდან გაყრიდა.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in აუდიო, პოსტები, Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s