დამალობანა / გიორგი ხასაია

Diego Rivera-749253 (1)

 

 

 

 

 

 

 

სადაც იყრიან თავს

თუ  უცაბედადაა, ენის შემთხვევითობის წინაშე აღმოჩნდე,  მოდუნდი, მიენდე და გაყევი, როგორც წმ. მამა.

მამა ის არის, ვინც იპარება როცა გრძნობს, რომ მალე გაეპარება. სხვა შემთხვევებში ის უბრალოდ მოხუცია, რომელსაც მოვლა ჭირდება, ასე გასინჯე.

გასინჯე რამდენად მყარია შენი ტკივილი, რომელიც ისედაც ტყუილია, მაგრამ დაბნეულობას იწვევს ის, რომ ტყუილი არსებობს ნამდვილი და არანამდვილი. ნამდვილები სად არიან? ნამდვილები არიან, სადაც ქარია.

ქარს საიდანღაც მოაქვს სუნი შარდის და ოფლის. ეს დაგეხმარება იგრძნო, რომ შენი აქ ყოფნის აუცილებლობა განისაზღვრა დიდი ხნის წინათ.

დიდი ხნის წინათ ერთ ბერს დაცინეს პროვინციული აქცენტის გამო. მან გადაწყვიტა ელაპარაკა მხოლოდ მაშინ, როცა სათქმელის მნიშვნელობა გადაფარავდა აქცენტს. მან დაიწყო უწყება ვითომდა მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ: ამ კატასტროფებმა იწყეს ახდენა.

კატასტროფები იწყებენ ახდენას, როცა აქცენტის სირცხვილი დიდია და როცა იწყებენ , სირცხვილის მიზეზი მუტაციას განიცდის და ვერ გამოიცნობა.

ვინ განაახლებს ლექსიკონს? უმალ ის, ვინც მიხვდება რომ რაღაც უნდა ამოაღებინოს, რაც პირში არ ეტევა და ენას უწვავს. დიდი სიხარული გავს ენის დამწვრობას და  დიდი ტკივილიც ენის დამწვრობაა.

მაშინ როგორ განახლდება ლექსიკონი? დამწვრობის პირობებში, როცა გემოს ვეღარ ატან.

იყო უგემოვნო ეს პრინციპულია.

და ეს  უხერხულია მშობლის კუილივით.

სადღაც არის ხვრელები, რომლებიც გათვლილია ჩვენს დაუკვირვებლობაზე.

დააკვირდი და დაიმახსოვრე როგორია სხვისი ენა სანამ მას შეეხები. შემდეგ ფრთხილად გადმორგე და უვლიდე როგორც საკუთარს.

ვარდების გადმორგვით იწყება ზოარის წიგნი.

ვარდების გადმორგვით.

ნუ ეცდები ამის გაკეთებას სახლში.

 

 

ნოსტალგია ლათინურის

 

Ante portas est bellum / დარაბებს მიღმა გაზაფხულია/

Aquila non captat muscas / ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები…/

Littera est ministra linguae /თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე…/

Nil permanet sub sole / მე დავფიქრდი და დავაზუსტე: თავიდან ერთხელ ვესროლე, რამდენიმე წამში კიდევ ოთხჯერ/

Fortuna non penis, in manus non recipe /ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ.../

 

სხვისი მიმიკა

Write this. We have burned all the villages and the                                                                         people in them

                                                                                                                                                    Michael Palmer

 

როგორც იმ ლექსშია:

 ვიტგენშტეინი იკითხავს: „როგორ არის თრაქლი?“

„იქ, საიდანაც ჩვენ ვართ, ის არ არის“ – არის პასუხი.

როგორც იმ ლექსშია:

„მე დავიბადე ამ კუნძულზე მიცვალებულთა შორის

მე ვსწავლობდი ენას ამ კუნძლზე

მაგრამ არასდროს მილაპარაკია ამ კუნძულზე.

მე გწერ ამ კუნძულიდან.

მე ვწერ მოცეკვავეებს ამ კუნძულზე.

მწერლები არ ცეკვავენ ამ კუნძულზე“

 

დაიზეპირე: ვინც ზრუნავს საკვებსა და ტანსაცმელზე, უფრო ადვილად შევა ცათა სასუფეველში, ვიდრე ის, ვინც ადვილად ძვრება ნემსის ყუნწში.

დაწერე: ამ ქალებს აღაგზნებთ საკერავი მანქანა

დაწერე: ამ კაცებს მოწონთ ბრინჯაოს უკანალი

დაწერე: მათ შვილებს მთქნარებისას პირი ეხევათ

დაწერე: ჯერ ისინი მოგვდევდნენ, შემდეგ ჩვენ მივდევდით,  ბოლოს ერთად გვიპოვეს  პროზექტურაში. ხელჩაკიდებულები. მკრთალი ღიმილით.

დაწერე:  ჰაერი გემრიელია, როგორც ქელეხის საჭმელი

დაწერე: მამას არ ახსოვს, სად დადო ისრები

ვინ ხარ ასეთი მამაჩემის სუნი რომ აგდის, შემომხედე!

დაწერე: მისი ნახმარი პერანგების ზეთი და ჭუჭყი. მისი ხველების ცბიერება და სისასტიკე

დაწერე: წიგნში, რომელსაც ვკითხულობდი, ტბა დაშრა. ვინ მიაძღება მკვდარ თევზებს?

დაწერე: დღეს ვიკრიბებით მთავარ მოედანზე,  რათა ვუყუროთ, როგორ კვდებიან ბავშვები: რა აღელვებით გადაკვეთენ ბავშვები ტრასებს, გათვლილები მძღოლების დაბნეულობაზე

თუ გინდა დაწერე:  ბარბაროსები ცახცახებენ ტრადიციის მოლოდინში. ტრადიცია ცახცახებს საქონლის მოლოდინში.

დაწერე: შიში და თანაგრძნობა შეიცვალა შიშით და უმწეობით

დაიზეპირე: ამიერიდან რევოლუცია შეგიძლია ფოსტითაც მიიღო.

 

 

ვინ იმუქრება?

ჯერ კიდევ ვნახავთ ვინ ვის მოინელებს

ვინ ვის ტახტებზე მოასვენებს საკუთარ ფისოს

ვინ ვის აბაზანაში გაიპარსავს წვერს და თვალებს სარკეში დატოვებს

ვინ ვისი მანქანის საქარე მინას დაორთქლავს.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ სისხლს ვინ ამოახველებს

საკუთარ თავს ვინ შეიძულებს

ვინ გამოაცხადებს კაპიტულაციას სათამაშო იარაღის შიშით

ჯერ კიდევ ვნახავთ.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვისი ვისაზეა ცხოვრება დამოკიდებული

ვინ ვისი მზესუმზირით აივსებს მუჭებს

ვინ ვისი შოკოლადით მოითხუპნის სათნო ცხვირპირს

ვის ვისი  შეახმება  ნიკაპზე სისხლი

ვინ შექმნის ყვავილს თამბაქოს ნამწვავებისგან.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ და ამას ყველა ნახავს

ეს იქნება მკაფიო და ადვილად გასარჩევი.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვის ვისი ფეხი დაებედება

ვის ფეხებშუა აღმოჩნდება ვისი ხელისგული

ვისი ქარები გახეთქავს ფანჯრებს

ვის კურკას ვერ გაატარებს ვისი საყლაპავი მილი

ვინ შეიბნევს პალტოს ვისი ყვერებით.

 

ჯერ კიდევ არ ჩანს და ეს მალე გამოჩნდება

ვინ ვისი ხელით მოწყვეტს ორქიდეას ჭაობებს მიღმა

ვისი ფრჩხილის ჭუჭყი ვის ღრძილებში აღმოჩნდება

ვისი ბურთები ვის ფანჯრებს ჩალეწავს

ვის გუბეში ვინ ჩაკრავს ფეხებს და წყალს აამღვრევს.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვინ ამღვრევს წყალს და

დაჭერილ თევზებს უბრალოდ ხოცავს

რადგანაც პირს  არ აიყროლებს მათი გვამით.

ჯერ კიდევ ვნახავთ ვისი გვამი უფრო ადრე აყროლდება

ვის საფლავზე იცეკვებენ ცალფეხა ომის ვეტერანები

ვისი გული ძგერს უფრო ძლიერად

ხოლო ვის გულს შუნტირება დაჭირდება.

 

ჯერ კიდევ ვნახავთ ვინ ვის გაუძლებს

ვინ ვის წაუჭერს კისერში ხელებს

ვის ქანდაკებასთან მიიტანენ ბოლო ხურდებით ნაყიდ ყვავილებს

ვის ქანდაკებასთან მისასვლელი ბილიკი შეხორცდება

ვინ ივლის ასკინკილით საცალფეხო ბილიკებზე

ვისი ფეხები დასივდება და ვის მოცელავს ვენების გაგანიერება.

 

ჯერ კიდევ სანახავია და ეს უნდა აჩვენონ დიდ ეკრანზე

ეს იქნება მკაფიო და ადვილად გასარჩევი.

About Cyber Theatre

ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი Cyber Theatre of indirect action performance group from Georgia
This entry was posted in პოსტები. Bookmark the permalink.

1 Response to დამალობანა / გიორგი ხასაია

  1. ირაკლი ყოლბაია says:

    ძალიან მომეწონა მაიკლ პალმერის ბრწყინვალე “მზის” იმიტაცია. ალბათ იცით პალმერის მეორე, უფრო გრძელი “მზე”, და მეტად ბრწყინვალე.

Leave a comment